რა უნდა იცოდე STEM ოლიმპიადის შესახებ
STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის მორიგი საგანმანათლებლო პროექტია. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მცხოვრებ მოსწავლეებში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზებას, რისთვისაც პროექტი უზრუნველყოფს STEM მიმართულებით დაინტერესებული მოსწავლეების წახალისებასა და მონაწილე სკოლების მასწავლებლების გადამზადებას სფეროს ექსპერტების მიერ.
ოლიმპიადაზე VII-XI კლასელი მოსწავლეებით დააკომპლექტებულ გუნდებს საშუალება ექნებათ, რომ წარდგნენ სკოლის სახელით და პრაქტიკაში გამოიყენებით უკეთ განივითარონ და დაადასტურონ სკოლის საგნებში (ფიზიკა, მათემატიკა, ინფორმატიკა) მიღებული ცოდნა. სასკოლო ოლიმპიადაზე თითო სკოლას შეუძლია წარადგინოს თითო გუნდი, რომელიც უნდა შედგებოდეს 6 მონაწილისგან.
სკოლის გუნდების შემადგენლობა

ინფორმატიკა
1 მოსწავლე

ფიზიკა
2 მოსწავლე

მათემატიკა
3 მოსწავლე
STEM ოლიმპიადის შესახებ
- STEM ოლიმპიადა შესაძლებლობას გაძლევს გამოავლინო და პრაქტიკული მუშაობით გაიღრმაო ცოდნა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით
- ოლიმპიადა შედგება 2 ეტაპისგან: პირველი თეორიული ტური ჩატარდება 19 იანვარს ხოლო ფინალური პრაქტიკული ტური-მაისში. ორივე ტური გაიმართება დასწრებულ ფორმატში თბილისში, კომაროვის სკოლაში.
- პირველ ტურში გუნდის წევრებს ჩაუტარდებათ ტესტი სამ საგანში: ფიზიკა, მათემატიკა და ინფორმატიკა. თითოეულ საგანში ცოდნას დაადასტურებს სკოლის გუნდის შესაბამისი წევრი
- თეორიული ტურის შედეგად დაჯამდება თითოეული გუნდის ექვსივე წევრის მიერ მიღებული ქულების პროცენტული მაჩვენებლები და გამოვლინდება 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი, რომლებიც გადავლენ ფინალში
- ფინალში გადასული გუნდების მენტორებს ჩაუტარდებათ 3-თვიანი გადამზადება ინჟინერიის მიმართულებით კომაროვის სპეციალისტების მიერ. რის შემდეგაც, თითოეულ მოსწავლეს ექნება წვდომა სასწავლო პროგრამის იმ საკითხებზე, რომელთა ცოდნაც საჭირო იქნება ფინალური ტურისთვის. პრაქტიკულ ტურში STEM დავალებების შესასრულებლად 8 საათის განმავლობაში ერთმანეთს შეეჯიბრება ფინალში გადასული 10 საუკეთესო გუნდი
- საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს საქართველოს ბანკი სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოებს. პირველ ადგილზე გასული გუნდის წევრები და მათი მენტორი საგანმანათლებლო ვიზიტით გაემგზავრებიან შვეიცარიაში, ჟენევაში, CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია) კვლევით ინსტიტუტში, ხოლო გამარჯვებული გუნდის სკოლაში მოეწყობა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე STEM კუთხით. მეორე და მესამე საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ ლეპტოპები და პლანშეტები. ყველა მონაწილე გუნდი მიიღებს სერტიფიკატს.
- ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფი განისაზღვრება კომაროვის სკოლის მიერ და დაკომპლექტდება როგორც კომაროვის, ისე მოწვეული პროფესიონალებისგან
ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ
- STEM ოლიმპიადაზე თითო სკოლა თითო გუნდს წარადგენს
- გუნდს უნდა ჰყავდეს ერთი მენტორი, რომელიც უნდა იყოს ამავე სკოლის მასწავლებელი (ფიზიკის, მათემატიკის ან ინფორმატიკის მასწავლებელი) დეტალები იხილეთ STEM ოლიმპიადის დებულებაში
- წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული რომელი მოსწავლე რომელ საგანში (ფიზიკაში, მათემატიკაში თუ ინფორმატიკაში) დაადასტურებს ცოდნას პირველ, თეორიულ ტურში. გუნდი უნდა დაკომპლექტდეს 6 მონაწილისგან, რომელთაგან ერთი უნდა იყოს ინფორმატიკის, ორი-ფიზიკის და სამი-მათემატიკის მიმართულებით
- 2023-2024 წლის STEM ოლიმპიადის რეგისტრაცია 6 ნოემბერს დაიწყება და 3 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება
- რეგისტრაციისთვის საჭირო იქნება სკოლის დირექტორის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული ცნობა გუნდის წევრი მოსწავლეების შესაბამის სკოლასა და შესაბამის კლასებში სწავლის შესახებ, ასევე გუნდის მენტორის ამავე სკოლაში მუშაობის შესახებ
ინფორმაცია საოლიმპიადო პროცესის შესახებ
- ოლიმპიადის პირველ თეორიულ ტურში მონაწილეობას მიიღებს მაქსიმუმ 100 სკოლის გუნდი (600 მოსწავლე). ფინალურ ტურში კი გადავა მხოლოდ 10 საუკეთესო გუნდი (60 მოსწავლე)
- პირველი თეორიული ტურისთვის მოსამზადებლად 1 თვის განმავლობაში თითოეული გუნდის მენტორი გაეცნობა ოლიმპიადაზე მოსალოდნელი ამოცანების ნიმუშებს და კონსულტაციებს გაივლის კომაროვის სკოლის პროფესიონალებთან
- თუ დარეგისტრირდება 100 სკოლაზე მეტი, ამ შემთხვევაში ჩატარდება ონლაინ შესარჩევი ტური ფიზიკასა და მათემატიკაში, რის საფუძველზეც აირჩევა თეორიულ, პირველ ტურში გადასული 100 სკოლა – ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ STEM ოლიმპიადის დებულებაში
- თეორიული ტურის შემდეგ დაჯამდება თითოეული მონაწილის ქულის პროცენტული მაჩვენებელი და ჯამურად ყველაზე მაღალი ქულების მქონე 10 გუნდი გადავა შემდეგ ტურში
- შერჩეული 10 გუნდის მენტორები პრაქტიკულ ტურამდე გაივლიან სამთვიან უფასო გადამზადებას
- პრაქტიკულ ტურზე თითოეული ფინალისტი გუნდისთვის გამოყოფილი იქნება ოთახი, სადაც გუნდს დახვდება ელექტრული კომპონენტების ნაკრები, ლეპტოპი და პრაქტიკული ამოცანები, რომლებზე მუშაობისთვისაც გამოყოფილი იქნება 8 საათი. მოსწავლეებმა აღნიშნულ დროში გუნდურად უნდა გაართვან თავი ინჟინერიის ამოცანებს. მათ მიერ შექმნილ პროდუქტებს ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულიც ასე გამოვლინდება.
- ოლიმპიადა ტარდება მხოლოდ არაფიზიკა-მათემატიკური სკოლებისთვის. ფიზიკა-მათემატიკური სტატუსის მქონე სკოლებს, გამოცდილების შეძენის მიზნით, შეუძლიათ წარმოადგინონ გუნდი, თუმცა აღნიშნული სკოლის გუნდები კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ (მათი შედეგები არ შეფასდება)